თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2019 წლის თებერვალში მეტროს 4 ახალი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება. მისი თქმით, რეაბილიტირებული შემადგენლობის დამატება მოცდის დროს შეამცირებს და უფრო მეტ მგზავრს გადაიყვანს.
“ჩვენ გაჟღერებული გვაქვს მეტროს სადგურების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება და ასევე ვაგონების რეაბილიტაცია, რომელიც დაწყებულია. თქვენ იცით, რომ სექტემბერში მეტროს 4 ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილად მოვემსახუროთ იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად მეტროთი სარგებლობს და მგზავრთა რაოდენობა ძალიან დიდია. თებერვლის თვეში მეტროს კიდევ 4 ახალი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და გავზარდოთ მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, ცნობილია, რომ მეტრო “ვარკეთილს” რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 2019 წელს ჩაუტარდება.