მეტრო “ვარკეთილს” რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 2019 წელს ჩაუტარდება

1044

წინა სტატია

“პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები იყო განხორციელებული, შემიძლია უკვე დადასტურებით გითხრათ, რომ არაფრად არ ვარგა და ყველა საპროექტო სამუშაო თავიდან არის ჩასატარებელი”, – განაცხადა მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მეტროსადგურის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება.

“მეტროსადგურების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. ვარკეთილის მეტროსადგური ჩამოინგრა, სერიოზული პრობლემა იყო და დაზარალებულებიც გვყავდა, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები ოპერატიულად იქნა მიღებული და ყველას მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადეთ. ამის პარალელურად, ვარკეთილის მეტროს საპროექტო დოკუმენტაცია გადაეგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და გაკეთებული ექსპერტიზიდან გამომდინარე შეიქმნა დამატებითი კვლევებისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების საჭიროება.

საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს უპირველესი და უმთავრესი, რაც ჩემთვისა და თითოეული ჩვენთაგანისთვის არის, უსაფრთხოებაა. უსაფრთხოება უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ის პროექტები, რომლითაც იყო განხორციელებული ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერის სამუშაოები, უკვე შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ არაფრად არ ვარგა და ყველა საპროექტო სამუშაო თავიდან არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს გვექნება სრული დოკუმენტაცია და მომავალი წლიდან დავიწყებთ მის განხორციელებას“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, იგეგმება გურამიშვილის მეტროსადგურის რეაბილიტაციაც, ხოლო სამგორის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

“2019 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება მეტროსადგურ ავლაბრის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ჩვენ 8 მეტროსადგურზე პროექტების შეძენას ვაპირებთ და მომავალი წლიდან მათ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად დავიწყებთ. მომდევნო წლების განმავლობაში, მთლიანად, ყველა მეტროსადგურის პროექტი იქნება განხორციელებული“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა და უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ჭერის ჩანოგრევის საქმეზე კი რამდენიმე პირს ბრალი წარედგინა.