ინფრასტრუქტურის სამინისტროს მომდევნო წლის ბიუჯეტი 139 მილიონით ეზრდება

902

შემდეგი სტატია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის ათვისებაში პრობლემები აქვს, მომავალ წელს მას ბიუჯეტი 139.8 მილიონი ლარით მაინც გაეზრდება და 1 მილიარდ 965 მილიონი ლარი ექნება. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტიდან ხდება ცნობილი.

ბიუჯეტის დიდი ნაწილი – 1 მილიარდ 377 მილიონი ლარი, ტრადიციულად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, მათ შორის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთების მშენებლობას.

გამოყოფილი თანხის ფარგლებში დაგეგმილია: მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა – 135.0 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა – 100.0 მლნ ლარი; რიკოთის გვირაბი – არგვეთის მონაკვეთის მშენებლობა – 317,9 მლნ ლარი; სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა – 100.0 მლნ ლარი; ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა – 70.0 მლნ ლარი; გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა – 58.5 მლნ ლარი; ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობა – 54.0 მლნ ლარი;

გარდა ამისა, დაგეგმილია ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომლისთვისაც 28.5 მლნ ლარია გათვალისწინებული;

სამინისტროს ცნობით, 2019 წლიდან აქტიურად გაგრძელდება ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა და ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარი დაიხარჯება;

გაგრძელდება სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობაც, რომლისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში 20.0 მლნ ლარია გათვალისწინებული;

20.0 მლნ ლარით დაფინანსდება ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია; ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის კი 13.0 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

2019 წელს, ასევე, დაგეგმილია ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტი 20 მლნ ლარს გაიღებს;

გარდა მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურისა, სამინისტრო რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 254.1 მლნ ლარს დახარჯავს. ამ თანხის დიდი ნაწილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხებია.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, განხორციელდება მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (ADB), რომლისთვისაც 80.0 მლნ ლარი დაიხარჯება; 70.0 მლნ ლარით დაფინანსდება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი (EIB);

განხორციელდება, ასევე, რეგიონული განვითარების პროექტი, რომელიც კახეთს, იმერეთს, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთს მოიცავს და ჯამში 38.5 მლნ ლარი დაიარჯება; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტისთვის კი 13.0 მლნ ლარია გათვალისწინებული; გარდა ამისა, განხორციელდება საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი, რისთვისაც 10.0
მლნ ლარია გათვალისწინებული.

წინა წლების მსგავსად, 2019 წელს თანხები წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვისაც გამოიყოფა და ის 225 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც ბიუჯეტის პროექტიდან ვიგებთ, ამ მიმართულებით, სხვა პროექტებთან ერთად, რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების პროგრამა განხორციელდება, რომლისთვისაც 25.0 მლნ ლარი გამოიყოფა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარი აშენდება. დაგეგმილია, ასევე, სხვა პროექტებიც;

ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამისთვის კი 160.0 მლნ ლარია გამოყოფილი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია მესტიაში, ანაკლიაში, ურეკში, ფოთში, ზუგდიდში, ჯვარში, ჭიათურაში, გუდაურში, ბაკურიანში, ბოლნისსა და მარნეულში. პროგრამით, ასევე, თანხა დაიხარჯება ქუთაისისა და თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და აბაშის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციაზე.

2019 წელს დაგეგმილია, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის პროგრამაც, რომლისთვისაც 50.0 მლნ ლარია გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სოციალური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; როგორც ბიუჯეტის პროექტიდან ვიგებთ, ჯანდაცვის სამინისტროში გათვალისწინებულ თანხასთან ერთად, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ჯამში 92,7 მლნ ლარი მიიმართება.

წინა წლების მსგავსად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მყარი ნარჩენების მართვის პროგრამასაც განახორციელებს, რომლისთვისაც 2019 წელს 41,500.0 მლნ ლარის გამოყოფაა დაგეგმილი. პროგრამა მუნიციპალიტეტებში არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობას, მართვასა და დახურვას, აგრეთვე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა. პროგრამა არ ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას – ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან თანხები ცალკეა გათვალისწინებული.