კოოპერატივ “მღებრიანის” ხელმძღვანელმა გიორგი დავითაშვილმა განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანში ტურიზმის განვითარებისთვის მთავრობის დახმარებით ცხენების ფერმას გააშენებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მისი თქმით, სოფელში 17-მდე პირი გაერთიანდება და საცხენოსნო ტურიზმის განვითარებას დაიწყებენ. კოოპერატივის წევრებმა გორის მერიას წერილობით მიმართეს, რათა, დაახლოებით, 600 კვ.მ მიწის ფართობი იჯარით მისცენ. გორის მერია თანახმაა, რომ 30 წლის ვადით, “მღებრიანელებმა” ცხენების ფერმა გააშენონ.
“ამჟამად, ვითხოვთ მიწის ნაკვეთს იჯარით, სადაც ცხენების ფერმას გავაშენებთ და ეს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენმა კოოპერატივმა მთავრობისგან უკვე მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება, მათ შორის, ტექნიკით. ძირითადად, მივდევთ მესაქონლეობას. გვაქვს ფერმები, ასევე, სათიბები.” – აცხადებს გიორგი დავითაშვილი.
მისი თქმით, კოოპერატივში ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართულები. სოფელი მღებრიანი მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს.
“სოფელი მღებრიანი წლების განმავლობაში დაცლილია მოსახლეობისგან, მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა, არ არსებობს ცხოვრებისთვის საჭირო პირობები. სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. სახელმწიფოს მიზანია უზრუნველყოს მაღალმთიან რეგინებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობა, ცხოვრების დონის ამაღლება დასაქმების ხელისშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე აუცილებელია ექსტრემალური ტურიზმის განვითარება”, – აღნიშნავენ მერიაში.