თბილისში 13 მისამართზე სეპარირებული ნაგვის ურნები დადგეს

1465

წინა სტატია

თბილისში ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები 13 მისამართზე განათავსეს.

კერძოდ, სეპარირებული ნაგვის ურნები ვაკის რაიონის გამგეობასთან, ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან, 31-ე საჯარო სკოლასთან, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ისნის რაიონის გამგეობასთან, მეტრო “უნივერსიტეტთან“, “ექსპო ჯორჯიასთან“, მიხეილ თამარაშვილის ქ. #10ა-სთან. ტექნიკური უნივერისტეტის მე-6 კორპუსთან, სამედიცინო უნივერსიტეტთან, ლისის ტბაზე, თსუ-ის მე-10 კორპუსთან და 62-ე საჯარო სკოლასთან დადგეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ნარჩენი, რომელიც ამ სტენდში მოხვდება, იქნება გადამუშავებული მეორად პროდუქტად, რაც არის ერთიანი სამთავრობო “მწვანე პოლიტიკის“ განუყოფელი ნაწილი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ეკონომიკური განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნის  ახალი ერა და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მთლიანად უზრუნველყოფს ნარჩენების მინიმიზაციას”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

“თბილისის მერიას, “თბილსერვის ჯგუფს“, “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის 2018 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას მერიის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოს კანონის “ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, დედაქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივი დანერგვის, ასევე, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას. მემორანდუმი ნარჩენების მართვის კოდექსსა და ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას ეფუძნება”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.