თბილისში 10 მისამართზე სეპარირებული ნაგვის ურნები დაიდგმება

3495

2019 წლის თებერვლიდან ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება. ნარჩენების მართვის კოდექსის, თანახმად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სისტემის შექმნა, დანერგვა და ფუნქციონირება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს უკვე დგამენ. შედეგად, საპილოტე პროექტით მომდევნო წლიდან თბილისში 10 მისამართზე სეპარირებული ნაგვის ურნები დაიდგმება. პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელთან(CENN) თანამშრომლობით ხორციელდება. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი გიგაშვილი ამბობს, რომ მათი სურვილია თბილისის ყველა რაიონი მოიცვან, თუმცა, პირველ ეტაპზე ურნები შედარებით დატვირთულ ადგილებში დამონტაჟდება – რუსთაველი, კოსტავა, პეკინი და ა.შ.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ნარჩენების მართვის სეპარირებული სისტემის დანერგვა მომდევნო რამდენიმე წელში ეტაპობრივად მოხდება. ხარჯები კი იმაზე იქნება დამოკიდებული როგორ სისტემას აირჩევს მუნიციპალიტეტი – ნარჩენებს პირადად მართავს თუ კერძო კომპანიას გადასცემს ამ უფლებამოსილებას.

“ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სეპარირების სისტემის დანერგვა. თუმცა, მათ შორის წამყვან ევროპულ ქალაქებს ძალიან დიდი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ 70%-იანი სეპარირებისთვის მიეღწიათ და ეს საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, – აცხადებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი გიგაშვილი.

მისივე თქმით, სურვილის მიუხედავად, 1 წელში მთლიანად სეპარირებულ სისტემაზე ქალაქი ვერ გადავა.

“ეს ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, მათ შორის გადამამუშავებელი ქარხნების გაჩენასთან, ასევე მიკრობიზნესის გაჩენასთან, რომლებიც ამ სეპარირებულ ნარჩენებს წაიღებენ და მართავენ და ა.შ.“, – ამბობს გიგაშვილი.

მისივე თქმით, თბილისის მერია მუნიციპალური მართვის გეგმაზე მუშაობს, რომელსაც 2019 წლის პირველ კვარტალში მიიღებენ.

“მასში გაწერილი იქნება მათ შორის სეპარირების მიმართულებაც. ამასთან, ვმუშაობთ გრძელვადიან 10-წლიან სტრატეგიაზე, თუ როგორი უნდა იყოს დედაქალაქში ნარჩენების მართვა“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.