თბილისის მერიამ “ოლიმპიურ ვარსკვლავს“ შეჩერებული მშენებლობის დასრულების ნება დართო

667

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დეველოპერულ კომპანია “ოლიმპიურ ვარსკვლავს“ შეჩერებული პროექტის განხორციელების საშუალება მიეცემა. კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტის შეჩერებით, დაახლოებით, 350 ოჯახი დაზარალდა. ამასთან, თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში 179 ობიექტის მშენებლობაა შეჩერებული, რის გამოც ბევრი ადამიანია დაზარალებული.

“მე მინდა შევეხო შეჩერებული მშენებლობების პრობლემას. ჩვენ ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრეთ მთავრობის სხდომაზე. ქალაქში, დაახლოებით, ასეთი 179 ობიექტია. გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი. არის მსხვილი კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს.

დღეს გამოგვაქვს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება, ეს ეხება “ოლიმპიურ ვარსკვლავს“, დაახლოებით, 350 ოჯახია დაზარალებული და დედაქალაქის მერიამ, თავის კომპეტენციის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს ამ პროექტის სამომავლოდ განხორციელებას. ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამის კომპანიას, უკვე ხვალიდან აქვს შესაძლებლობა დაიწყოს ამ პროექტის განხორციელება და დაასრულოს ყველა ის სამუშაო, რომელიც მას ჰქონდა წამოწყებული.

350 ოჯახი იყო ამ პროექტით და ამ დეველოპერით დაზარალებული. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებულიყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას.

ასევე “სვეტის“ მიერ დაზარალებულებიც სერიოზული პრობლემაა. ამ მიმართულეითაც ვმუშაობთ და როგორც კი მერიაში შემოვა საბუთები, მაშინვე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რათა ყველა ადამიანმა მიიღოს ის, რაც მისაღები აქვს და არ დაკარგოს არცერთი თეთრი.

ასევე, გასათვალისწინებელი იქნება შეჩერებული მშენებლობების ხანდაზმულობაც. უსაფრთხოების ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ამიტომ დეველოპერებს ვთხოვთ, წარმოადგინონ კონსტრუქციული დასკვნა, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ შესაძლებელი იქნება მშენებლობის გაგრძელება. შესახლების შემდეგ კი იქ მცხოვრებ ადამიანებს სამომავლოდ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – განაცხადა კალაძემ.