ზამთრის კურორტებზე სეზონი 8 დეკემბრიდან გაიხსნება

1342

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, 8 დეკემბერს სეზონი ოფიციალურად გაიხსნება კურორტ “გოდერძიზე“, ხოლო “გუდაურში“ – 15 დეკემბერს. ამასთან, დიდველის სათხილამურო ტრასა დამსვენებლებს 8 დეკემბრიდან მიიღებს, თეთნულდი-ჰაწვალის და კოხტა-მიტარბის ტრასები – 22 დეკემბერს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“კურორტები სრულად გამართული და განახლებული ხვდება დამსვენებელს. გუდაურში მოცულობითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. უამრავი სიახლე დახვდება დამსვენებელს, ეს იქნება ფაქტობრივად ახალი გუდაური. რაც შეეხება დანარჩენ კურორტებს, ყველა კურორტი მზად არის ვიზიტორების მისაღებად, საბაგიროებს ჩაუტარდა გეგმური სარემონტო სამუშაოები, სათხილამურო გზები იწმინდება ქვებისგან, საბაგიროს ოპერატორებმა გაიარეს გადამზადების კურსი“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის კურორტები სრულად არის გამართული, ასევე ყველა საბაგირომ გაიარა სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური დათვალიერება.