დედაქალაქის მერიის შენობას საპრივატიზაციოდ ამზადებენ. გამოცემა “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ოთხი სხვადასხვა ტერიტორია განიხილება, სადაც მერია შესაძლოა, გადავიდეს.
ერთ-ერთ ვარიანტად თბილისის ზღვაზე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია განიხილება, რომლის შესწავლაც მერიას უკვე დაწყებული აქვს.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მერიის განთავსებისთვის ასევე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს ადმინისტრაციის ყოფილი შენობა განიხილება.
არაოფიციალური ინფორმაციით, შენობაში, რომელშიც თბილისის მერია ამჟამადაა განთავსებული, მაღალი კლასის სასტუმროს განთავსებაა დაგეგმილი.