თბილისის რაიონების გამგეობებმა საახალწლოდ სოციალურად დაუცველებისთვის გადასაცემი სასაჩუქრე ნაკრებების შეძენა დაიწყეს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
ერთ-ერთი ასეთი ტენდერი ისნის რაიონის გამგეობამ გამოაცხადა. 4 090 სასაჩუქრე პაკეტის შესაძენად მუნიციპალიტეტი 102 250 ლარის დახარჯვას გეგმავს. სასაჩუქრე პაკეტში სულ 10 დასახელების საკვები უნდა შევიდეს.
სოციალურად დაუცველების საახალწლო მენიუს ჩამონათვალშია: 1 ლიტრი ზეთი, 900 გრამი შაქარი, 370 გრამიანი მოუხარშავი შესქელებული რძე, 180 გრამი მაიონეზი, 500 გრამი შოკოლადის კანფეტი, 500 გრამი ხილის კარამელი, 450 გრამი ხორცის კონსერვი -“ტუშონკა“, 400 გრამი ბარდა, 10 ცალი კვერცხი და 1 კილოგრამი ფქვილი.
ანალოგიური შემადგენლობისაა საახალწლო სასაჩუქრე მენიუ ნაძალადევის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველებისათვის, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა 129 ათასი ლარი უნდა დახარჯოს და 5 402 პაკეტი შეიძინოს.
განაწილების წესის შესაბამისად, 1 სულიანი ოჯახი 1 სასაჩუქრე პაკეტს მიღებს, 2 დ 3 სულიანი ოჯახები 2 პაკეტს, 4 და 5 სულიანი ოჯახები 3 სასაჩუქრე პაკეტს და ა.შ.