წყნეთში ახალი ბაღი შენდება

1085

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, წყნეთში მდებარე ბაღის შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩადო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ამჟამად წყნეთში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ახალ სააღმზრდელო დაწესებულებაში 10 ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს; დასაქმდება 65 ადამიანი.

როგორც უწყებაში ამბობენ, თბილისში, ამ ეტაპზე, საერთო ჯამში 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთი სექტემბერში გაიხსნება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყებს.

წყნეთში ახალი ბაღის მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 570 000 ლარი დაიხარჯება.