ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლას ადასტურებს

985

წინა სტატია

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ელეონორა არჩაია მისი შვილის კოტე ცირეკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მისი ოჯახის მიმართ ხორციელდება ზეწოლა, ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მეტი კონკრეტიკისაგან თავს შეიკავებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ვადასტურებ, რომ იყო ზეწოლა თან ძალიან მწარედ, უმძიმესი 6 თვე გადავიტანეთ, თუმცა ამის შესახებ წინაასარჩევნო პერიოდში საუბარი არ მინდა, მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი”- განაცხადა ელეონორა არჩაიამ, რომელიც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეა.

ელეონორა არჩაიამ არ ისურვა საუბარი მათი ოჯახის მფლობელობაში არსებული რესტორნების ქსელ “ბარაქასთან” დაკავშირებით არსებულ მუქარაზე.  „ლიბერალთან“ საუბრისას კოტე ცირეკიძემ განაცხადა, რომ დედის მისამართით მუქარა ეხებოდა მათი ოჯახის ბიზნესსაქმიანობასაც ,- „ჩვენი ოჯახი რესტორნების ქსელ “ბარაქას“ ფლობს. რესტორანს ძველი დავალიანება აქვს, ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ არ გეგონოს ეს დავალიანება შეგრჩესო“.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისში საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ უმრავლესობის წევრს სოლიდარობა გამოუცხადა, რასაც სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დღევანდელ სხდომას საკრებულოს წევრი ელეონორა არჩია არ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ “იმერეთი ნიუსის” დამფუძნებელმა კოტე ცირეკიძემ, რომელიც ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ელეონორა არჩაიას შვილია სააგენტო, მისი თქმით, მაღალჩინოსნების მუქარის გამო  დახურა. ცირეკიძემ ზეწოლაში იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი დაადანაშაულა. გრიგოლ დალაქიშვილმა ბრალდებას აბსურდული უწოდა, გიორგი იობაშვილმა კი ზეწოლი კონკრეტული ფაქტების წარმოდგენა მოითხოვა.