კალაძე: ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია 20 დღეში დასრულდება

795

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 დღის განმავლობაში მთლიანად დასრულდება. ასევე, ჩიქოვანის ქუჩაზე საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებიც რეაბილიტირდა.

ამასთან მისი თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი და საპარკინგე ადგილებიც მოწესრიგდება. კალაძის განცხადებით, უბრალოდ შეუძლებელი იყო იქ მცხოვრებ ადამიანს დაეყენებინათ მანქანა, ისეთი რთული მდგომარეობა იყო ქუჩაზე.

“ჩიქოვანის ქუჩაზე შევქმენით საპარკინგე ადგილები და მოვაწესრიგეთ უკვე არსებული. პირველი 10 დღის განმავლობაში ამირეჯიბის ქუჩიდან გადაიკეტება მოძრაობა, რომ რაც შეიძლება ინტენსიურად ვაწარმოოთ სამუშაოები. 20 დღის განმავლობაში ეს ქუჩა მოწესრიგდება.

მსგავსი პროექტები არის საჭირო ქალაქში. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ ასფალტი მოიფრეზოს და ახალი გადაიგოს, ეს არ არის გაკეთებული საქმე. თუ გვინდა, რომ წლების განმავლობაში აღარ შევეხოთ ასეთ ადგილებს, რა თქმა უნდა ფუნდამენტურად უნდა მოხდეს სამუშაოების შესრულება. მხედევლობაში მაქვს მიწისქვეშა ჩასვლა, კაბელები, რომლებიც ჰაერში გადის, მიწისქვემოთ უნდა ჩავიდეს და ა.შ. ყველა პროექტზე ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს. იყო გარკვეული შეფერხებები ამის გამო ქალაქში, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა თბილისისთვის და რა თქმა უნდა თქვენთვის“, – განაცხადა კალაძემ.