არჩევნებში კალაძის გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ GQ-ს ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რა გაკეთდა ქალაქისთვის ამ ვადაში.
“პირველ რიგში სწორედ სისტემისა და სტრუქტურის რეფორმით დავიწყეთ, რათა ჩვენ მიერ შემუშავებული პოლიტიკა უფრო ეფექტიანად გაგვეტარებინა, შეგვემცირებინა ბიუროკრატიული პროცესები და გაგვეუმჯობესებინა სერვისების ხარისხი, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა. თავიდან ყველაზე რთული მეჩვენებოდა ქალაქის მოწესრიგება. ურბანული გარემო პირველ რიგში ადამიანებისთვის უნდა იყოს კომფორტული. ამას კი ჭირდება ის, რომ ჩვენ – თითოეულმა მოქალაქემ ავიღოთ პასუხისმგებლობა ასეთი გარემოს შექმნაზე“, – განაცახდა კალაძემ.
როგორც თბილისის მერი ინტერვიუში ამბობს, მან მალევე დაინახა, რომ ქალაქი ენდობა და მის ხედვას იზიარებს. “ეს მაშინ მოხდა, როდესაც პირველად გამოვედი ინიციატივით, მომხდარიყო საცხოვრებელ კორპუსებთან განთავსებული ძველი, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ავტოფარეხების დემონტაჟი და ამ ტერიტორიაზე მოგვეწყო საერთო სარგებლობის დასასვენებელი სივრცეები. მოქალაქეების სურვილისა და საერთო მიზნის გარეშე ამას მუნიციპალიტეტი ვერ გააკეთებდა. დღეს უკვე ჯამში 220-ზე მეტი ავტოფარეხია აღებული და მათ ნაცვლად მოწყობილია 10 დასასვენებელი სივრცე“, – განაცადა კალაძემ.
კითხვაზე, რა არის ამ წლის მთავარი მიღწევა, კალაძე პასუხობს “მოქალაქეებმა დაიწყეს აქტიური მონაწილეობა პროცესებში: გვეხმარებიან, გვაკრიტიკებენ, გვაქებენ. ჩვენ ერთი გუნდი გავხდით – ქალაქის გადარჩენისა და განვითარების გუნდი. ეს ნამდვილად გვჭირდება. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ ქალაქის განვითარება მისი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია“.
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ხუთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომლებმაც თბილისი ბოლოდროინდელ მოდურ მიმართულებად აქცია, არის ძველი თბილისი, სამზარეულო და ღვინო, უსაფრთხოება, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და ღამის თბილისი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს კახა კალაძე, ხმათა 51.09%-ით, თბილისის მერი გახდა.