ნაძალადევის რაიონში 7 მისამართზე ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, ერთ-ერთი პროექტი ხევისუბნის ქ. N12-ში ხორციელდება, სადაც 60 გრძივ მეტრზე წყალსადენის ქსელი და 150 გრძივ მეტრზე წყალარინების სისტემა იცვლება. ასევე, მონტაჟდება 7 საკომუნიკაციო ჭა.
“აღნიშნულ კორპუსში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები შეიქმნა, რაც პროექტის დასრულების შემდეგ სრულად აღმოიფხვრება. მოძველებული მილები ახლით იცვლება, რის შემდეგაც, შენობის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. საბოლოო ჯამში, კორპუსში მცხოვრები 81 ოჯახის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, 2018 წლის იანვრიდან დღემდე, მსგავსი პროექტი 13 მისამართზე განხორციელდა, 7 პროექტი კი უახლოეს პერიოდში დასრულდება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციისთვის გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჯამში 500 000 ლარია გათვალისწინებული.