წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივების განცხადებით, ისინი სოფლის მთავარი გზის გასხვისებას აპროტესტებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„სოფლის ერთადერთი გზა გაასხვისეს. მფლობელები რაღაც ობიექტს აშენებენ. გვითხრეს, რომ ტერიტორიის შეძენა სახელმწიფომ აიძულათ, რადგან ცალკე მიწის ნაკვეთი არ მიყიდეს, რაც არის ტყუილი. ადგილზე მოვიდა ზედამხედველობის სამსახური და მათ თქვეს, რომ მშენებლობის ნებართა არ იყო გაცემული. ესენი კი მაინც აგრძელებენ მშენებლობას და სოფელს გზის გარეშე ტოვებენ. ისეთი ვიწრო მონაკვეთია, სამშენებლო და სამუშაო ტექნიკას ვერ შევიყვანთ სოფელში“, – აცხადებს სოფლის მკვიდრი.
ბრალდებას არ იზიარებს მშენებარე ობიექტის მფლობელის, ხათუნა შენგელიას ადვოკატი. ლელა ბანძელაძის თქმით, ტერიტორია მათ კანონიერად შეიძინეს და მოსახლეობის აქცია გაუმართლებელია.
“ჩვენ ტერიტორიის ნაწილი შევიძინეთ 2016 წელს, ნაწილი კი, რომლის გამოც დაობენ, 2018 წელს. ეს არის სახელმწიფო ქონება, რომელიც ქონების მართვის სააგენტომ გაიტანა აუქციონზე. მოხდა შეძენა და მიმდინარეობს ღობის გაკეთება. ადგილობრივების აქცია არასწორია, რადგან ისინი კანონიერ მფლობელს ედავებიან. თუ თვლიან, რომ არასწორად არის გასხვისებული, მიმართონ სასამართლოს“, – განაცხადა ლელა ბანძელაძემ.
აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამასთან, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.