სოფელი და ქალაქი ურბანულად ერთმანეთის შემავსებელი უნდა იყოს – მათ შორის მკვეთრი ხაზი გავლებას არ ვეთანხმები, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების გაერთიანების ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.
როგორც ლილუაშვილი განმარტავს, დაგეგმილი ცვლილებებით, თითოეულ მუნიციპალიტეტში მერს აღარ შეეძლება გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება. შეიქმნება კოლეგიური ორგანოები – საბჭოების სახით, სადაც წევრებად წარმოდგენილი იქნებიან მერი, მერის მოადგილეები, სამსახური უფროსები და საბჭოზე მიღებულ საკითხებს უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება. მისივე თქმით, გაიზრდება საკრებულოების როლი თვითმმართველობის საქმიანობაში.
თვითმმართველობების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტში ინიცირებას ლილუაშვილი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ელოდება.
“მუნიციპალიტეტების გამსხვილების ან პირიქით, დაყოფის პროცესი ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში ჩვეულებრივი პროცესია. რაიმე გამოწერილი რეცეპტი, ფორმულა არ არსებობს, რომ ყველა ქვეყანამ ერთი სტანდარტით იხელმძღვანელოს. ევროპულ ქვეყნებში დღესაც ხდება მუნიციპალიტეტების შერწყმა ან დაყოფა. ეს არ უნდა აღვიქვათ საკითხად, სადაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი გადის. პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები მოსახლების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რომ თითქოს ქალაქს გვართმევენ, იდენტობას გვართმევენ და ასე შემდეგ. არ არსებობს ევროპაში ტენდენცია, რომ ქალაქსა და სოფელს შორის მკვეთრი ხაზი იყოს გავლებული – საკითხის ასე დასმას არ ვეთანხმები, ვინაიდან სოფელი და ქალაქი ურბანულად ერთმანეთის შემავსებელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ქალაქს გააჩნია საკუთარი შეხედულებები და მოთხოვნილებები და სოფელს შეიძლება განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს, თუმცა საკითხის ამოგლეჯილად განხილვა წარმოუდგენილია“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გრიგოლ ლილუაშვილმა.
მანამდე გრიგოლ ლილუაშვილი ამბობდა, რომ ვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მას და მის კოლეგებს მყარი არგუმენტები დასჭირდებოდა. “აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში არ განიხილება. საკითხი პარლამენტში ჯერ შემოსული არ არის. მთავრობას გააჩნია თავისი დასაბუთება და ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ მათ დასაბუთებას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება მუნიციპალიტეტების გაერთიანება, გაყოფა თუ საზღვრების ცვლილება, პროცედურები კანონმდებლობით არის გაწერილი. პირველ რიგში, მთავრობა უნდა დაეკითხოს მუნიციპალიტეტს, საკრებულოებს, გაიაროს კონსულტაციები მოსახლეობასთან და ამის შემდეგ პროექტის ინიცირებით მიმართოს პარლამენტს“, – აცხადებდა ლილუაშვილი.
წყარო: ინტერპრესნიუსი