თბილისის მერია ავტოსადგომებზე ელექტრომობილებისთვის დამტენებს დაამონტაჟებს

1049

თბილისის მერმა კახა კალაძემ “მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია მუნიციპალურ ავტოსადგომებზე, ელექტრო ავტომობილებისთვის დამტენების უფასო მონტაჟს გეგმავს. მისი თქმით, იმ მოქალაქეებს, ვისაც ასეთი მანქანები ჰყავთ, შეუძლიათ მიმართონ მერიას და გამგეობებს.

“მათ საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც არის ავტოსადგომები, უფასოდ დავამონტაჟებთ დამტენებს. ამ გადაწყვეტილების მიზანია, რომ ელექტრომობილები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს”, -განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ელექტროავტომობილებს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური არ შეეხებათ და მათთვის პარკირება უფასო იქნება. კალაძის განცხადებით, მუნიციპალურ ავტოსადგომებზე, ასეთი ავტომანქანებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა და სხვა მანქანებს, ამ ადგილებზე გაჩერების უფლება არ ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას შემოღებას 2019 წლიდან გეგმავს. დედაქალაქის გარკვეულ უბნებში, მანქანების პარკირების საათობრივი სისტემა დაინერგება და ყველა უბანში პარკირების განსხვავებული ტარიფი ამოქმედდება.

ცნობილია, რომ პარკირების საათობრივი საფასური, შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს.

ამასთან, პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ.