ბათუმის ბულვარში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და სანაპირო ზოლის მოწყობის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა
“ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა შეიქმნას ადაპტირებული გარემო ბაღებში, სკოლებში, სამუშაო ადგილებსა თუ საჯარო სივრცეში. დღევანდელი საღამოც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თითოეულ შშმ პირს აუცილებელია ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა იგრძნოს თავი საზოგადოებაში ჩართულად და იყოს ინტეგრირებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავნერგოთ ის სიახლეები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის შესრულებას. ეს პირველ რიგში გულისხმობს მასწავლებლების, ინსტრუქტორების გადამზადებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები შშმ პირებთან მუშაობისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის და ამ კუთხით მართლაც უფრო მეტია გასაკეთებელი. მინდა გისურვოთ წარმატებები და ასევე მოგცეთ პირობა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ ჩვენი საჯარო სივრცეები ვაქციოთ ადაპტირებულ გარემოდ“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძე.
მერიის ცნობით, აღნიშნული პრეზენტაცია 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების კონცეფციას ეხებოდა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთათვის სანაპირო ზოლზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
“ბათუმის ბულვარის” ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შშმ პირები ესწრებოდნენ.