დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოში იმყოფებოდა. არჩეული მერის გადადგომის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანეთში ავიდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მოსალოდნელია თუ არა თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებები? აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას მთავრობის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შესაძლოა მომავალშიც განხორციელდეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი მუნიციპალიტეტის მერის მუშაობით არის უკმაყოფილო ან კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებაზე არის საუბარი.
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ გუნდის გადახალისება ნებისმიერ დროს შესაძლოა განხორციელდეს.
თორნიკე რიჟვაძე ირწმუნება, რომ გოჩა მელაძესა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას ადგილი არ ქონია და თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკაში აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერევა.
შეგახსენებთ, რომ ხულოს მერი გოჩა მელაძე თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემაც, რომელსაც შემცვლელი გადადგომისთანავე მოუნახეს – ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე. სწორედ ბერიძე შეასრულებს მერის მოვალეობას მერის რიგგარეშე არჩევნებამდე, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.
როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე კიდევ ორმა მერმა დატოვა – 27 სექტემბერს ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, მანამდე, 12 სექტემბერს კი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც. როგორც გაირკვა, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ჭიათურის მერს, მისი გადადგომა ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს უკავშირდება.