სამხარეო ადმინისტრაცია: გორის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი 20-მდე სოფელს არ მიეწოდება

1561

გორის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. ამ დროისთვის 20-მდე სოფელი კვლავ გაზის გარეშეა დარჩენილი – ეს ინფორმაცია “რადიო მოზაიკას” შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

გასულ კვირას, გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონული განვითარების სამინისტროში სწორედ ეს საკითხი განიხილა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იმ სოფლებს ეხებოდა, სადაც რეალურად გაზი შეყვანილია და სახლებში არ არის მიწოდებული.

“ეს პროცესი დაჩქარებული ტემპით განხროციელდება”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

შიდა ქართლის სოფლების გაზიფიცირება ხელისუფლბამ ჯერ კიდევ 2014 წელს დააანონსა, რომლის მიხედვით, ჯამში პირველი და მეორე ეტაპის დასრულების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში, ბუნებრივ აირს 8 799 ოჯახი მიიღებდა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირებისთვის, 19 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. გაზიფიცირების სამუშაოები გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში იგეგმებოდა და გეგმის მიხედვით, სულ გაზიფიცირება 13 375 კომლს შეეხებოდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან 4 წლის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტში 20 სოფელი კვლავ ბუნებრივი აირის გარეშე რჩება.