კრწანისის ქუჩაზე, ერთ-ერთ სკვერს თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელი მიენიჭა. ამასთან, სკვერში თემატური აბრაც განთავსდა, სადაც თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელები და თბილისიდან კონკრეტულ ქალაქამდე მანძილებია ასახული.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მხრივ, თბილისთან დაძმობილებული ქალაქების საპატივცემულოდ სკვერის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თბილისს კიდევ არაერთი დაძმობილებული ქალაქი ეყოლება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით კი, თბილისში დღეს პირველად გაიხსნა აბრა, სადაც წარმოდგენილია იმ ქალაქების დასახელებები, რომლებიც თბილისთან დაძმობილებული არიან. მისივე თქმით, გაჩნდა იდეა, რომ სკვერი თემატურად, ქალაქების სიმბოლიკით მოეწყოს.
საკრებულოს ცნობით, თბილისს 20 დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. დაძმობილებულ ქალაქთა ქსელი საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერ სფეროში გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. დაძმობილების ხელშეკრულებით ქალაქები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, გაცვლიან დელეგაციებს და ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე მხარს დაუჭერენ ერთმანეთს.