ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს მხარს უჭერს. ამის შესახებ სიორიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ საკითხს განიხილავენ.
მისი თქმით, თვითმმართველობების გაეღრიანების შემდეგ ბიუჯეტი არ მცირდება.
„მოსახლეობაც არაფერს კარგავს. დაიზოგება 5 მილიონი ლარი. ოზურგეთს კი ქალაქის სტატუსი რჩება“, _ აღნიშნა სიორიძემ.
ცნობისთვის, საქმე ეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. გარდა ამისა, ამავე სტრატეგიის თანახმად, გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს და ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება. საკრებულოებს კი, დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ.
აღნიშნული თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაში გაიწერება, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს.
თუმცა, სამინისტროს ამ პოზიციას არ იზიარებს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობისშემსრულებელი ნინო გოგუაძე. როგორც გოგუაძე „დროა ჯისთან“ საუბრისას აცხადებდა, ის თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების წინააღმდეგია.
წყარო: გურიანიუსი