ყველაზე სუფთა რეგიონის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

1054

პროექტის -“დავსუფთაოთ საქართველო ფაზა III” ფარგლებში კონკურსი “სუფთა რეგიონი“ გამოცხადდა. კონკურსის მიზანია ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდეს ყველაზე სუფთა რეგიონი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი/დაბა, სოფელი/თემი, ეზო, ქუჩა და ყველაზე ლამაზი აივანი.

“კონკურსში მონაწილე რეგიონებს, კერძო პირებსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და მითითებულ ფეისბუქ გვერდზე გადმოაგზავნონ მათი რეგიონის, ქალაქის, სოფლის, ეზოსა თუ საცხოვრებელი ადგილების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები.

კონკურსის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური კომისია (სამინისტროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები), რომლებიც ოქტომბრის ბოლოს გამოავლენენ გამარჯვებულ ნომინანტებს.

კამპანია “დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის – “დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი “ორქისი“ და “ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერითა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი “სუფთა რეგიონი“ საქართველოში პირველად 2015 წელს გამოცხადდა, სადაც გამარჯვებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, ახმეტის მუნიციპალიტეტი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭითაწყარი იყვნენ.