ჭიათურის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე წელს 1 700 000 დაიხარჯება

730

ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ ჭიათურის სოფლებში შიდა საუბნო გზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე წელს 1 700 000 ლარი დაიხარჯება.

“მიმდინარე წელს ჭიათურის სოფლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება. მობეტონდება შიდა საუბნო გზების რთული მონაკვეთები, რაც ადგილობრივებს გადაადგილებას გაუადვილებს“ – განაცხადა გივი მოდებაძემ.

მოდებაძემ მერის წარმომადგენლებს მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მერიაში წარდგენა დაავალა, რათა მომავალი წლისთვის არსებული პრობლემებიდან გამომდინარე პრიორიტეტები გამოიკვეთოს.

მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას ჭიათურის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სატყეოს თანამშრომლებთან საუბრის მთავარი თემა ტყეკაფების გამოყოფის საკითხი იყო.

“სოფლებში ტყეკაფების გამოყოფაზე არის პრობლემები და ეს საკითხი კანონის ფარგლებში აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, რათა ერთობლივად მოვაწესრიგოთ ეს მნიშნელოვანი თემა“,- აღნიშნა გივი მოდებაძემ.