საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება, რაც უწყების შეფასებით, სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უწყვეტი განათლების მიწოდება თითოეული მოსწავლისთვის. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სწორედ ამიტომ, მისი ინიციატივით, ზემოთაღნიშნული პანსიონები სამინისტროს სამართლებრივ და სამეთვალყურეო რეგულაციაში მოექცევიან.
“მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული პანსიონები “სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს დაექვემდებარა და მათი მუშაობა დროებით შეჩერდა. ამით კი, ხელი შეეშალა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს, ახლო მომავალში შემუშავდეს პოლიტიკა ზოგადი განათლების მიღებისთვის აუცილებელი სპეციალური სკოლა-პანსიონების მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალმთიან და შორეულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების განათლების მიღების შესაძლებლობა შესაბამისი პირობების შექმნით“, – აცხადებენ სამინისტროში.