ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ სადმელში კომპანია “შატრო ველი“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. მერიის ცნობით, სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია.
საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე დანადგარებით, ლაბორატორიით და ღვინის ჩამოსასხმელი ხაზით.
“აქ წარმოებული პროდუქცია სასაქონლო სახეს ადგილზე მიიღებს. პირველ ეტაპზე ორი სახის ღვინო – “ხვანჭკარა“ და “ოჯალეში“ ჩამოისხმება.
კომპანია, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ფერმერებისგან 50 ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავს, ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდგომ კი სეზონურად 100 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს”, – აცხადებენ მერიაში.
“საწარმოს მშენებლობა და აღჭურვა, რომლის ჯამური ღირებულება 1 550 000 ლარს შეადგენს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროგრამის“, “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში მიღებული დაფინანსებით და დამფუძნებელთა თანაინვესტირებით ხორციელდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.