საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თემაზე “რეგიონული განვითარების პოლიტიკა საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენცია გამართა.
კონფერენციას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამომსვლელებმა მთავრობის მიერ მიღებულ “2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამაზე“ ისაუბრეს, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, რაც ქვეყნის მდგრად და თანაბარზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს.
კონფერენციის მონაწილეებმა საზოგადოებას ამ პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავებული რამდენიმე რეგიონის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები გააცნეს.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისა და კიდევ უფრო მეტად წახალისების მნიშვნელობას, რაც ხელშესახებ და გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი კონკრეტული პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
“ვმსჯელობთ ყველა იმ სირთულეზე, რომელიც გვაქვს რეგიონული განვითარების მიმართულებით. დაახლოებით ერთი თვის წინ, მთავრობამ მიიღო 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების გეგმა და სტრატეგია, სადაც განსაზღვრულია არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები. ამ სტრატეგიის განსახორციელებლად მეტი დისკუსია და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებაა საჭირო. რაც შეეხება დეცენტრალიზაციის მიმართულებას, ეს არის ძალიან აქტიური, საყურადღებო და გრძელვადიანი პროცესი. ამჟამად ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ეს არის პარალელური პროცესი, რომელიც რეგიონების გაძლიერებას უწყობს ხელს, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ დიდი მხარდაჭერა სჭირდება თითოეულ რეგიონს“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ასევე მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა ე.წ. ფოკუს რეგიონებზე, სადაც ევროკავშირის დახმარებით დამატებითი პროგრამები ხორციელდება.
“ესაა იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და გურია. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონული განვითარების ჭრილში ჩვენ მხოლოდ ამ რეგიონებზე ვსაუბრობთ. ამ თვალსაზრისით საუბარი და მსჯელობა ეხება ყველა რეგიონს, იქ არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.