ნაძალადევის რაიონში 350 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი ბაღი გაიხსნა

720

ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. N49 საბავშვო ბაგა-ბაღი ათჯგუფიანია და 350 აღსაზრდელზეა გათვლილი.

მერიის ცნობით, ბაღში 60-მდე ადამიანია დასაქმებული. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით. ამასთან, საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი და გამწვანებული შიდა ეზო საბავშვო მოედნებით, ატრაქციონებითა და საჩრდილობლებით.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, წელს თბილისის ბაგა-ბაღებს 3 000-მდე აღსაზრდელის ადგილი შეემატა.

“მომავალი ორი წლის განმავლობაში, 31 ახალი ბაღის მშენებლობას ვგეგმავთ, რომელიც პრაქტიკულად, მოსახლეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მერიის ინფორმაციით, თბილისში 17 სექტემბერს ცხრა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, ორ მოქმედ ბაღს კი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსები შეემატა.