გორში “მსოფლიო ბანკის” პროექტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

648

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მსოფლიო ბანკის “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში შექმნილ წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის წევრებს შეხვდს.

მერიის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა ზედა რუს საირიგაციო სისტემის ძირითადი / მაგისტრალური სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე კი დაგეგმილია სისტემის შიდა სამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება.

“ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამუშაო შეხვედრები შემდგომში დაგეგმილია ფერმერებთან, საპროექტო ორგანიზაციასა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად”, – აცხადებენ მერიაში.

პროექტის ფარგლებში, შექმნილი წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფი პროექტირების მსვლელობისას ფერმერებს გაუწევს კონსულტაციას ტექნიკურ საკითხებში. შემდგომი კი შეხვედრა ძევერა – შერთულის საირიგაციო სისტემაში შემავალ სოფლებში (შერთული, ძევერი, კარალეთი, დიდ და პატარა გარეჯვარში) მერის წარმომადგენლებთან მოგელი ქობლიანიძესთან და იოსებ ჩალაურთან გაიმართა. ამ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ IFAD – ის პროექტის ფარგლებში, ძევერა – შერთულის საირიგაციო სისტემის მაგისტრალური და მესამე რიგის არხების რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.

შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა მერის წარმომადგენლებთან სისტემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, კერძოდ, გამართული წყალსარგებლობის მენეჯმენტი, ფერმერებს შორის წყლის ოპტიმალური და სამართლიანი განაწილების მეთოდები და მათი აქტიური ჩართულობა აღნიშნულ პროცესში.

მომავალში მსოფლიო ბანკის “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში შექმნილი წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის წევრები ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად უშუალოდ ფერმერებს შეხვდებიან და გაუწევენ კონსულტაციებს ზემოაღნიშნული საკითხების შესახებ.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დემონსტრირებულ იქნა სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გადაღებული ფილმი.