1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, სხვა ფუნდამენტურ რეფორმებთან ერთად ქვეყანაში სრული დეცენტრალიზაციის კურსი გაატარა. ადგილობრივი თვითმმართველობის – სამაზრო ერობების ხელში გადავიდა ყველა ადგილობრივი ადმინისტრაციული და ეკონომიკური კომპეტენცია. მაზრებში, არჩეულ თვითმმართველობის ორგანოებს დაექვემდებარა გზების და კომუნიკაციების მართვა, პოლიცია, გადასახადების მოკრება და მიეცა საბიუჯეტო გარანტიები. ცენტრალურ მთავრობას მხოლოდ საერთო-ეროვნული პოლიტკის წარმოება, საზღვრების დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა – არმიის შენახვა დარჩა ძირითად ფუნქციებად. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მხოლოდ ერობების საერთო ხასიათის ზედამხედველობით შემოიფარგლებოდა. მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრი – ნოე რამიშვილი სრული დეცენტრალიზაციის მხარდამჭერი იყო:
“…ჩვენი წესწყობილება დემოკრატიულია, დემოკრატია კი ორ ძალას ეყრდნობა ქალაქს და სოფელს – გაძლიერება სოფლის და ქალაქის თვითმმართველობათა, აი ჩვენი მთავრობის საზრუნავი საქმე. სადაც ეს თვითმმართველობანი ძლიერნი არ არიან, იქ დემოკრატია სუსტია. მაგალითად ამერიკაში კომუნა ყველაფერია, იქ თვითმმართველობანი ყველაზე უფრო ძლიერია. საფრანგეთში, როგორც ბურჟუაზიულ -დემოკრატიულ სახელმწიფოში საშინელი ცენტრალიზმია განვითარებული. ყველა დემოკრატიულ ქვეყნებში არის მიდრეკილება ამერიკის კომუნისაკენ და სცდილობენ დაახლოვებით მაგისთანა თვითმმართველობის შექმნას. არადემოკრატიული ქვეყნები კი საფრანგეთის ცენტრალიზმისკენ მიისწრაფვიან.”
1921 წლის, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, დემოკრატიული, სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდა კულტურა და გამოცდილება, უხეშ ძალაზე დაფუძნებულმა, ერთპარტიული დიქტატურის ცენტრალიზებულმა ბიუროკრატიულმა აპარატმა ჩაანაცვლა, რომელმაც ათწლეულების მანძლზე მტრობდა და ბლოკავდა ინიციატივას ქვემოდან და თვითორგანიზების მიდრეკილებებს.
დღეს, ხელისუფლება და ფართო თვითმმართველობის მოწინააღმდეგე აქტორები კვლავ საუბრობენ თვითმმართველობის კულტურის და ადგილობრივი გამოცდილების არარსებობაზე. ისტორიული რეალობა კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს – შესაფერისი პოლიტიკური ნების არსებობისას, ქართული სახელმწიფო 1918 წლიდან 1921 წლამდე ფართო ადგილობრივი თვითმმართველობის და მცირე ცენტრალური მთავრობის მქონე, წარმატებული, დემოკრატიული და მოქალაქებთან მმართველობის დაახლოებისა და ჩართულობის თვალსაზრისით, დღეისთვისაც კი სანიმუშო რესპუბლიკა იყო.
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის მორიგი ცვლილებების და თვითმმართველი ქალაქების რიცხვის შემცირების პროცესისას გაჟღერებული არგუმენტები, თითქმის უცვლელად იმეორებს რუსეთის იმპერიის ბიუროკრატებისა და საპოლიციო მოხელეების არგუმენტებს, რომელიც საზოგადოებას მზადყოფნის ხარისხსა და მობილიზაციის უნარებს უწუნებდა. არსობრივად კი, სახელმწიფო ცდილობს შეინარჩუნოს ნაჩვევი საბჭოთა მოდელი, ბიუროკრატიისათვის სასარგებლო და სასურველი, მაგრამ მოქალაქეებისათვის საზიანო და მოუხერხებელი – ცენტრალიზმის პრინციპი. ქვეყნის განვითარება და პროგრესი კი მე-19 საუკუნეშიც და დღესაც, მისი ცალკეული მოქალაქის გაძლიერებას, მართვაში ჩაბმასა და პასუხისმგებლობისათვის შეჩვევაზე იყო დაფუძნებული. სამწუხაროდ, ორი საუკუნის წინანდელი მარტივი ჭეშმარიტება, დღესაც არ გახდა არგუმენტი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირთათვის და ეს სიტყვები კვლავ აქტუალური რჩება:
“…თვით-მმართველობა ხომ ისეთი რამაა, რომ ერთი ათად უმატებს კაცს ძალ-ღონეს, ერთი ათად უმატებს ხალისს სამოქალაქო მოღვაწეობისათვის. კაცი თავისთავის გამგებელი, თავისათვის მზრუნველი, და პატრონი და არა სხვის ხელის შემყურალი და მაცქერალი სრული მოქალაქეა, ჭეშმარიტი შვილია თავის ქვეყნისა. იგი მაშინ ადვილად და უბრძოლველად არავის დაუთმობს თავისუფლებას და ავის თვალით უცქერის იმას, ვინც ეპოტინება მის უფლებას, ვისაც სურს, მოუსპოს თვით-მმართველობა და გაჰხადოს ყურმოჭრილ მონად.“ (ალექსანდრე ყიფშიძე-ფრონელი)
მასალა მოამზადა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ