“გუბერნატორებმა უნდა იქონიონ ძალიან ძლიერი ხიდის ფუნქცია მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, იმიტომ, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება და გადაჭრა არის შესაძლებელი ხალხთან ძლიერი, მუდმივი კომუნიკაციის პირობებში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს აქვს სრული მორალური-პოლიტიკური და სამართლებრივი უფლებამოსილება, რომ მის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ფარგლებში თავად შეარჩიოს ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკას კარგად განახორციელებენ რეგიონში.
“ზოგადად, რეგიონებში ბევრი საქმეა, ჩვენი ამოცანაა, აღმოვფხვრათ რეგიონული უთანაბრობა, ჩვენი სურვილია, სულ უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდეს საქართველოს რეგიონები მიმზიდველი საცხოვრებლად და სამუშაოდ. ეს ყველაფერი შესაძლებელია იმ გეგმების განხორცილების პირობებში, რაც პრემიერ- მინისტრმა ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის თვალსაზრისით დააანონსა, ეს ყველაფერი შესაძლებელია რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის და შესაძლებლობების კარგად გამოყენებისა და ათვისების რეალიზაციის პირობებში და ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, გუბერნატორებს ექნებათ მნიშვნელივანი როლი. ამავდროულად, გუბერნატორებმა უნდა იქონიონ ძალიან ძლიერი ხიდის ფუნქცია მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის იმიტომ, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება და გადაჭრა არის შესაძლებელი ხალხთან ძლიერი, მუდმივი კომუნიკაციის პირობებში. წარმატებებს ვუსურვებ ახალ რწმუნებულებს ამ პროცესში. პარლამენტის საქმე არ გახლავთ საკადრო საკითხები, პარლამენტი, მათ შორის, რეგიონულ საკითხებში, განსაზღვრავს პოლიტიკას”, – განაცხადა გაბუნიამ.