2017-2018 წლებში ხულოში საბავშვო ბაღები 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სურსათის უვნებლობის სააგენტომ შეისწავლა, ხარვეზი 7 საბავშვო ბაღში აღმოაჩინა და მერიას ჯარიმასთან ერთად რეკომენდაციით მიმართა, შენიშვნების ძირითადი ნაწილი ბაღებში არსებულ გაუმართავ ინფრასტრუქტურას ეხება. ინფორმაციას “აჭარის მთავრობა” ავრცელებს.
ხულოს მერის მოადგილის განცხადებით, თვითმმართველობამ საჯარიმო სანქციის ნაწილი უკვე გადაიხადა, რაც შეეხება რეკომენდაციების გათვალისწინებას, ბაღებში ინფრასტრუქტურის სრულად კეთილმოწყობისთვის 300 ათასი ლარია საჭირო, რაც ამ ეტაპზე ხულოს ადგილობრივ ბიუჯეტში არ არის გაწერილი. მერიაში განმარტავენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაწილობრივ დაწყებულია.
ხულოს მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ დროისთვის ხულოში 20 საბავშვო ბაღი მოქმედებს და წლის ბოლომდე 3 სკოლამდელი დაწესებულება შევა ექსპლუატაციაში.