დედაქალაქის მერიამ რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის ახალი საფარი (5000 კვ.მ.), მოეწყო ახალი ბორდიურები და ტროტუარი, კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მონაწილეობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემას: როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების (კანალიზაციის) ქსელს, გამოიცვალა ჭები, ხოლო საკომუნიკაციო საჰაერო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ რამიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. მისივე თქმით, ასევე, გაიმართა გარე განათების ახალი ქსელი: 17 საყრდენი ბოძი და 17 ლედ დიოდური სანათი.
„3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია . ეს არის კანალიზაცია, სანიაღვრეები, ასევე ყველა ქსელი, რაც კი გადიოდა, მათ შორის ინტერნეტი. თქვენ ხედავთ, რომ გარეგანათების ელექტროგადამცემი ხაზებიც კი მიწის ქვეშ არის განთავსებული. ძალიან ლამაზი ქუჩა გამოვიდა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ტროტუარები, აქ შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება და შესაბამისად მოხდა გზის სავალი ნაწილის ოდნავ შემცირება, რათა ფეხით მოსიარულეებს ჰქონოდათ ტროტუარი. ასევე მთლიანად შეიცვალა გარეგანათება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ იყოს სრულყოფილი, რათა შემდგომი წლების განმავლობაში არ იჩინოს თავი კანალიზაციის, წყლის, სანიაღვრეების ან ბორდიურების პრობლემამ“,- განაცხადა კახა კალაძემ.