რეგიონული განვითარების სამინისტრო დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე სამუშაოდ ექსპერტებს და არასამთავრობოებს იწვევს

855

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2018-2025) შესამუშავებლად, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს იწვევს. სტრატეგია დაეყრდნობა მიმდინარე წლის 5 მარტს გაცხადებული დეცენტრალიზაციის ხედვას.

სპეციალური განცხადება სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო მზად არის, სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში ჩართოს როგორც სამთავრობო დაწესებულებები და პარლამენტი, ისე ექსპერტები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის შემუშავების მიზნით, დაგეგმილია სამი სამუშაო ჯგუფის შექმნა. სწორედ ამ ჯგუფებს დაევალებათ შესაბამისი სფეროს მიმართულებით წინადადებების წარმოდგენა.

სამუშაო ჯგუფები შეიქმნება: უფლებამოსილებათა გაზრდის მიმართულებით, ფინანსური დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ჩართულობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.

სამინისტრო მოუწოდებს დაინტერესებულ  პირებს, მიმდინარე წლის 27 ივლისამდე, დოკუმენტის შემუშვებაში ჩართვის სურვილი შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე დაუდასტურონ და მიუთითონ, თუ რომელ სამუშაო ჯგუფში სურთ ჩართვა.

დაინტერესებულ პირებს წერილის გაგზავნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ: a.gvenetadze@mrdi.gov.ge