სენაკში ავტომობილის ძეგლს დადგამენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
პირველი ავტომანქანა სენაკში მცხოვრებმა ვარლამ გვათუამ ევროპიდან 1901 წელს ჩამოიყვანა.
„მაშინდელი გაზეთები წერენ, რომ გვათუამ ავტომობილის ყიდვა ლიკანში მყოფ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ რომანოვსაც კი დაასწრო (ამ უკანასკნელმა 10-ცხენის ძალიანი და 4-ადგილიანი “მორისი” პარიზიდან მძღოლიანად გამოიწერა). ავტომობილი დიდი ზარ-ზეიმით თავად ჩაიყვანა სენაკში და თავის ნათესავთან ჭიჭიკო იოსავასთან გააჩერა. თან თავადები – ფარნაოზ და ბარდალა მხეიძეები და ფოტოგრაფიც იახლა, რომელსაც სენაკში ზარ-ზეიმით შესვლა უნდა გადაეღო“, – ამბობს ედიშერ ბაღათურია.
მისივე თქმით, არსებობს მანქანის მაკეტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საზეიმო ღონისძიებისთვის შეიქმნა. მაკეტი უახლოეს მომავალში რკინიგზის სადგურთან დამონტაჟდება.