დღეს თბილისში “ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ღონისძიებას სასტუმრო „რუმსი“ მასპინძლობს. სამიტი 19 ივლისამდე გაგრძელდება.
სამიტზე რამდენიმე თემატური პანელი გაიხსნა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი თემა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიებია. მესამე სექტორი ითხოვს, რომ “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმა პრემიერის დაქვემდებარებაში გადავიდეს, მათ იუსტიციის სამინისტროს მუშაობა არ მოსწონთ.
ღია მმართველობის პარტნიორობა მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქვეყნისმართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ.
საქართველო 2017 წლიდან “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანაა.
სამიტთან დაკავშირებით საქართველოში მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ჩამოვა, სადაც ის სიტყვით გამოვა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართეს.