თბილისის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები, რომლის მიზანს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიების და ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა წარმოადგენს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
საქმე “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მისგან გამომდინარე პროექტებს ეხება, რომელიც პარლამენტს ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ წარუდგინა.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, მეორე მოსმენით, თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის მონაწილეობით განიხილა. განხილვა ინიციატორთან კამათის ფონზე წარიმართა.
როგორც ბითაძემ განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ საკანონმდებლო პროექტის სულისკვეთება კეთილშობილურია, ცვლილებების მიხედვით, სარეკრეაციო ტერიტორიებს სპორტული ტერიტორიები შთანთქავს და სარეკრეაციო ტერიტორიებზე ისეთი ტიპის ნაგებობების აშენება ხდება შესაძლებელი, რაც დღეს კანონით, დაუშვებელია. ეს კი, თბილისის მერიისთვის მიუღებელია.
“დღეს მოქმედი კანონმდებლობით სარეკრეაციო ტერიტორიების 80%-ზე დაუშვებელია რაიმე ტიპის ნაგებობის მშენებლობა. შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, სარეკრეაციო ტერიტორიებზე დასაშვები ხდება სპორტული ნაგებობების მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დიღმის ტყე-პარკში, ლაგოდეხის ნაკრძალში ან ვაკის პარკში დასაშვები გახდეს საცურაო აუზის ან სტადიონის მოწყობა, რასაც მერია მიუღებლად მიიჩნევს. ჩვენი შეთავაზებაა, რომ კანონში სარეკრეაციო ტერიტორიები დარჩეს ისეთი ხელუხლებელი, როგორც არის თავისი ბაღებითა და სკვერებით და შემოვიდეს ახალი განმარტება: სპორტულ-გამაჯანსაღებელი-სარეკრიაციო ტერიტორიის სახით, რომელიც შეიძლება მწვანე ტერიტორიასაც მოიცავდეს, რომლის ძირითადი დანიშნულება სპორტულ გამაჯანსაღებელი სარეკრეაციო მიმართულება იქნება, სადაც შესაძლებელი იქნება სტადიონის თუ სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელ-სარეკრეაციო ტერიტორიებმა მთლიანად შთანთქოს დანარჩენი სარეკრეაციო ტერიტორიები, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს ლანდშაფტურ-სარეკრიაციო ტერიტორია, სატყეო ზონა, პარკი, სკვერი და ასე შემდეგ. ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ ჩვენ შეიძლება დავუშვათ და ნებისმიერი ტიპის ბაღში, სკვერში, ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონაში სპორტული მოედნის, სპორტული ნაგებობის, მათ შორის საჭადრაკე ობიექტის მოწყობა ეკოსისტემის რღვევას არ ახდენს. ეს მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან სარეკრეაციო ტერიტორიები აბსოლუტურად უნდა იყოს დაცული რაიმე ტიპის მშენებლობისგან“, – განაცხადა მაია ბითაძემ საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიებისა და ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა და მათი საერთო სივრცეში განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონში არსებული ტერმინის “სარეკრეაციო ტერიტორიის“ განმარტებაში, აღნიშნული ტერიტოორიის განვითარების ძირითად პოტენციალს, ტურიზმს და რეკრიაციას სპორტის ცნებაც ემატება.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით, სარეკრეაციო ტერიტორია შეიძლება მოიცავდეს სპორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ზონას, რომელიც განიმარტა შემდეგნაირად: საქართველო მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფუნქციური ზონა, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს სპორტული, გამაჯანსაღეველი ან/და სარეკრეაციო სივრცის ფუნქციური დანიშნულება და მოიცავდეს გამწვანებული ტერიტორიას, კერძოდ მიწის ნაკვეთს, რომლის ტერიტორიის არანაკლებ 80%-ისა დაკავებულია მცენარეული საფარით, ღია სათამაშო მოედნით, ბილიკებით ან/და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირით, სადაც შესაძლებელია მოწყობილი იყოს დასასვენებელი/გასართობი ადგილები (პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი, წყლის სარკეები, შადრევნები, ტერასული რეკრეაცია და ა. შ.), რომლის ფართი აღემატება 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.
კანონპროექტით, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც დაარეგულირებს სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს; აღნიშნული მიღებულ უნდა იქნეს 2018 წლის 31 აგვისტომდე.
აგრეთვე, კანონპროექტის მიხედვით, 2018 წლის 31 აგვისტომდე შემუშავებულ უნდა იქნეს სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა.