ქუჩაში ცხოველების დაცვის მიზნით, შესაძლოა, კანონში ცვლილებები შევიდეს. თბილისის მერიაში ამ საკითხზე უკვე აქტიური მუშაობაა დაწყებული. სპეციალური სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივებს უკვე ამუშავებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
„ცხოველების გამრავლება მხოლოდ ნებართვებისა და ლიცენზიების საფუძველზე იქნება ნებადართული. აიკრძალება მეტისის, შერეული ჯიშის ძაღლის გამრავლება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ გრძელვადიან პერიოდში, ხელი შევუწყოთ ცხოველთა რაოდენობის სტაბილიზაციას მიუსაფარ პირობებში“ – ამბობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია.
სააგენტოში ამბობენ, რომ მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გაზრდილია. თბილისში მათ ზუსტ რაოდენობას მომავალი წლისთვის დაითვლიან. 2015 წლის მონაცემებით, დედაქალაქში დაახლოებით 43 ათასი მიუსაფარი ცხოველი ცხოვრობს.
საქართველოში ცხოველები მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოდიან. მათი მიგრაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება. ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ მათი პოპულაციის მართვის ყველაზე ჰუმანური მეთოდი სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციაა.