ზაზა გაბუნიამ ეკონომიკის მინისტრს რეგიონებში მოქალაქეების მხარდასაჭერად ინიციატივა შესთავაზა

801

ზაზა გაბუნიამ ეკონომიკის მინისტრს რეგიონებში მოქალაქეების მხარდასაჭერად ინიციატივა შესთავაზა. გაბუნიას ინიციატივაა, რომ სამინისტროში არსებული პროგრამების დაიგეგმვისას რეგიონული და ტერიტორიული კომპონენტი გაითვალისწინონ. დეპუტატის მიიჩნევს, რომ ასე რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველი ადგილები გახდება.

“ჩვენ გვყავს იმედის მომცემი მოქალაქეები, ღირებულებების მქონე და საინტერესო ადამიანები, რომლებიც იღებენ შანსს, რომ გამოიყენონ ღვთისგან ბოძებული პოტენციალი. თითქმის ყოველკვირეულად ვეცნობი ასეთ ადამიანებს საქართველოს რეგიონებში. მაგალითად, სოფელ გეგელიძეებში თამარ ბალაშვილი, რომელიც ქალაქიდან სოფლად დაბრუნდა და იქ ქმნის დოვლათს, მაგალითად, შაქრო ტეტემაძე სოფელ ვაიოში, თურმანიძეების ოჯახი მაღალმთიან სოფელ გარეტყეში, ქათამაძეების ოჯახი ჭვანაში, სოფელ ზინობიანისთვის ძალიან მოტივირებული ანა პაჭიკაშვილი და სხვები. ეს ადამიანები ელიან შესაძლებლობებს და იყენებენ ამ შესაძლებლობებს, იქნება ეს მთის კანონი, სახელმწიფო პროგრამები თუ სხვა და ჩვენ შეგვიძლია, მეტი გავაკეთოთ მათთვის. მოდი, დავეხმაროთ მათ, რომ გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები, რომ მათი მეზობლებიც ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში და შექმნან დოვლათი. ამ მიზნით, მე ინიციატივით მივმართავ ეკონომიკის მინისტრს, რომ სამინისტროში არსებული პროგრამები დაიგეგმოს, მათ შორის, რეგიონული და ტერიტორიული კომპონენტის გათვალისწინებით. ასე გახდება რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველი ადგილები. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, უკეთ ვმართოთ პოლიტიკა ადგილებზე, რომელიც ეხება ტრანსპორტს, განათლებას, წყალმომარაგებას და წყალარინებას, მყარი ნარჩენების მართვას, სოციალურ დაცვას, ჯანდაცვას, საცხოვრისით უზრუნველყოფას, სატყეო მომსახურებას, გარემოს დაცვას. ჩვენ გვჭირდება რეგიონული უთანაბრობის აღმოფხვრა, ჩვენ გვჭირდება დეცენტრალიზაციის კარგი სტრატეგია და მისი სრულაფასოვანი შესრულება, ჩვენ გვჭირდება სოფლის პროგრამის დაბრუნება, მაგრამ ეს ყველაფერი გვჭირდება ადამიანებისთვის და სწორედ ხალხს შეუძლია, იყოს ხელისუფლების საუკეთესო პარტნიორი, რადგან ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზნები”, – განაცხადა გაბუნიამ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.