“ჩემი საქმეა კორუფციული რისკების პრევენცია, ხოლო გამოძიება არის საგამოძიებო ორგანოების საქმე”, – ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატ ოთარ კახიძეს სამინისტროში კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
“გუშინ საკომიტეტო განხილვაზე თქვენ თქვით, რომ სამინისტროში დაგხვდათ საქმეები, სადაც შეიმჩნევა გარკვეული გარიგებების ნიშნები. თუ შეიძლება, დააკონკრეტოთ, რა ტიპის გარიგებებზეა საუბარი, რა მასშტაბის თანხებს უკავშირდება ეს გარიგებები და გადააგზავნეთ თუ არა ასეთი საქმეები შესაბამის ორგანოებში შესაბამისი რეაგირებისთვის?” – მიმართა კახიძემ ცქიტიშვილს.
ცქიტიშვილმა კახიძის ამ შეკითხვას საინტერესო ინტერპრეტაცია უწოდა და უპასუხა:
“მე არ მიხსენებია არც საქმეები და არც გარიგებები. მე ვთქვი, რომ ყველა ასეთი კვალიფიკაციის საკითხი გამოძიების კომპეტენციაა, თუმცა, ვადასტურებ, რაც გუშინ ვთქვი, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შესაძლოა, მქონდეს კითხვები. მაგალითისთვის მოგიყვანთ სამტრედია-გრიგოლეთის გზას, სადაც სამუშაოების აღსრულების პროცესში მიღებულმა საპროექტო გადაწყვეტილებამ გამოიწვია პრობლემები. ამ სირთულეების მიუხედავად, სამუშაოები მიმდინარეობს, გვყავს 2 კონტრაქტორი, რომლებმაც შემოგვთავაზეს არსებული პრობლემის აღმოფხვრის გზები და ამ ეტაპზე ვარჩევთ ოპტიმალურს. ასე რომ, სახელმწიფოს ჯერ მატერალური ზიანი არ მიყენებია ამ კონტრაქტით, თუმცა, ასეთის დადგომის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, ვალდებული ვიქნები, გადავცე ეს საქმე შემდგომი შესწავლისთვის. ამ ეტაპზე მე ვარ ორიენტირებული პრევენციაზე, ჩემი საქმეა მსგავსი კორუფციული რისკების დაზღვევა, ხოლო გამოძიება არის საგამოძიებო ორგანოების საქმე”.