ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.
ცქიტიშვილმა ეს დაპირება დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ გააკეთა. ბოლქვაძე დაინტერესდა, როდის გადაწყდება ხულო-ადიგენისა და ხულო-ბათუმის გზებზე არსებული ვითარება.
ხულო-ზარზმის გზის 47-კილომეტრიან მონაკვეთზე ტენდერი დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული, რომელთანაც მიმდინარეობს ხელმოწერის პროცედურები და შესაბამისად, 2020 წელს დაგეგმილია ამ გზის დასრულება. რაც შეეხება ბათუმი-ხულოს გზას, 80 კილომეტრიდან 15 კილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც წლის ბოლოს დამთავრდება. 2019 წელს ეს გზა დასრულდება, დანარჩენი ნაწილი კი კვლავ მოვლა-შენახვის რეჟიმში იფუნქციონირებს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.