თბილისის ბაგა-ბაღებმა 6-თვიანი ანგარიშები წარადგინეს

715

საბავშვო ბაღების დირექტორებმა აღსაზრდელების მშობლებს, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობას, მაჟორიტარ დეპუტატებსა და გამგებლებს 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრების კვირეული ვაკის რაიონის ბაღებმა დაასრულეს. ვაკის რაიონში მდებარე თოთხმეტი ბაგა-ბაღის დირექტორი N83 ბაგა-ბაღში შეიკრიბა, სადაც მათ მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ინდივიდუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

„ამ პროექტის მიზანია ბაგა-ბაღებისა და სააგენტოს მხრიდან ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდა და ამავდროულად, საზოგადოების და განსაკუთრებით, ჩვენი აღსაზრდელების მშობელთა მეტად ინფორმირება იმ უზარმაზარი შრომის შესახებ, რომელსაც ბაღების თითოეული თანამშრომელი ეწევა მთელი წლის განმავლობაში,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ და დასძინა, რომ სამომავლოდ იგეგმება მშობელთა ჩართულობის ზრდა ბაგა-ბაღების ყოველდღიურ საქმიანობაში.

შეხვედრას სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები დაესწრნენ.