სამტრედიის მერი გარემოვაჭრეებს ორ ალტერნატივას სთავაზობს

1025

სამტრედიის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მოადგილესთან ერთად, და პოლიციელებთან ერთად, ჭანტურიას ქუჩაზე გარემოვაჭრეებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ჭანტურიას ქუჩა გამოირჩევა გადატვირთული სამანქანო მოძრაობით, არ არსებობს ტროტუარი, სადაც ადამიანები შეძლებენ უსაფრთხოდ გადაადგილებას და სასურველი პროდუქტის შეძენას. ამჯერად, მერმა მოვაჭრეებს პირობა წაუყენა, რომლის მიხედვითაც 10 დღის ვადაში, დახლები უნდა გაუთანაბრდეს ღობეს და არ გადმოვიდეს ტროტუარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გარემოვაჭრეები დაჯარიმდებიან.

“ჩვენ არ ვართ მოძალადეები, მაგრამ გვინდა კანონის ფარგლებში ჩავსვათ არსებული პრობლემა. მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა და ჩვენი სურვილიც არის გარევაჭრობის მოწესრიგება. ამ ტერიტორიაზე აღარ არსებობს სავალი ნაწილი. ვთხოვ გარე მოვაჭრეებს მოაწესრიგონ ტერიტორია კანონით გათვალისწინებული მოთხოვებით. სამტრედია უნდა იყოს სანიმუშო ქალაქი“, – განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ.

მერიის ცნობით, მოვაჭრეების მხრიდან ალტერნატიული ფართების შეთავაზებას პროტესტი მოჰყვა. ამასთან, სამტრედიის მერიის პრესსამსახური განმარტავს, რომ მოვაჭრეებს ორი ალტერნატივა შესთავაზეს: პირველი – ალტერნატიული ფართები დაბალ ფასად გადახურულ ბაზარში, ან მეორე – წლის ბოლომდე, თბილისის ქუჩაზე გადასვლა.