თბილისში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამო, ორ მილიონამდე ჯარიმაა ამოღებული

809

დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამო, ორ მილიონამდე ჯარიმაა ამოღებული. ამის შესახებ ბითაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

„იცით, რომ სამშენებლო მოედნიდან სამშენებლო მანქანების ბორბლების გარეცხვასთან დაკავშირებით რეგულაციები გავამკაცრეთ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი რეგულაცია გამკაცრდა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვის და დარღვევის თვალსაზრისით, რომლის გამოც, სამწუხაროდ, ორ მილიონამდე ჯარიმა იქნა ამოღებულ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. თუმცა რეგულაციები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, დაკავშირებულია მტვრის ნაწილაკების წარმოქმნის პრევენციასთან და სავალდებულო, აუცილებელია ნებისმიერი თანამედროვე ქალაქისთვის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

დღესვე, მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე სამშენებლო პროცესში ახალი რეგულაციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავების შესახებ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.