კალაძეს სამშენებლო პროცესში ახალი რეგულაციების შემოღება სურს

641

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავების შესახებ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.

“არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ქვის დამუშავება ხდება და მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლებელია გაიარო, ისეთი დამტვერიანებაა. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ეს რეგულაციები და უნდა მოხდეს სველი მეთოდით დამუშავება“, – თქვა კახა კალაძემ და დასძინა, რომ პრობლემები სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების კუთხითაც არის.

“არაერთი შემთხვევაა, როდესაც დიდი ავტომობილები გადაადგილდებიან საშენი მასალით, აბსოლუტურად ღიად, დამცავების გარეშე და ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იწვევს ქალაქის დაბინძურებას, დამტვერიანებას და ამ ყველაფერს თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. მე მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, დაამუშაოთ კანონში შესაბამისი ცვლილებები და წარუდგინოთ პარლამენტს, რათა კანონში განხორციელდეს ცვლილებები”, – განაცხადა თბილისის მერმა და დასძინა, რომ პარლამენტი ასეთი ცვლილებების განხორციელებაში თანამშრომლობისთვის მზად არის.