თენგიზ შერგელაშვილი: “სამწუხაროა, რომ მერია პარკირების პრობლემას დღემდე ვერ წყვეტს”

953

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი “შენების მოძრაობიდან” თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერიას არ  სურს დედაქალაქში არსებული პარკირების პრობლემის სიღრმისეული შესწავლა და მოსახლეობას დღემდე ვერ სთავაზობს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევის სისტემური გადაწყვეტის გზას.

შერგელაშვილი იმ პირობებსაც ასახელებს, რის შემთხვევაშიც, ინვესტორები პარკირების საკითხით დაინტერესდებოდნენ.

“სიტი პარკის” გაშვებას მძღოლების უმრავლესობაში აღფრთოვანება მოჰყვა, თუმცა, პარკირება კვლავ ისეთივე მოუგვარებელი პრობლემაა თბილისში, როგორიც იყო. მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსს ინვესტორები, რატომღაც, არ გამოეხმაურნენ, არადა, გარკვეული პირობების შექმნის შემთხვევაში, ამგვარი ინტერესი ნამდვილად იქნებოდა: 1. პარკირების საფასური ზონების, გაჩერების ადგილების და მანქანების ტიპების მიხედვით უნდა იყოს დიფერენცირებული;  წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძო ინვესტორი არასოდეს დაინტერესდება კერძო საპარკინგე ადგილების მოწყობით და არც ცენტრში გადატვირთულობის პრობლემა მოიხსნება. 2. “სიტი პარკის” მერიის სატრანსპორტო კომპანიის, თუ ნებისმიერი სხვა კომპანიით ჩანაცვლება პარკირების ადგილების რაოდენობაზე ავტომატურად არ აისახება. მერიამ უნდა იზრუნოს შესაბამისი ადგილების გამოყოფაზე, რომელთა მართვას კონკრეტული კომპანია განახორციელებს. სამწუხაროა, რომ მერიას არ  სურს საკითხის სიღრმისეული შესწავლა და დღემდე ვერ გვთავაზობს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევის სისტემური გადაწყვეტის გზას”, – აცხადებს შერგელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მოწყობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. მოგვიანებით, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვას განმეორებით გამოაცხადებს და ინვესტორებს მიწის ნაკვეთს 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცემს.