ირაკლი როსტომაშვილი: ღამის ეკონომიკის პროექტი უნდა დაიხვეწოს

1095

„ღამის ეკონომიკისთვის“ აუცილებელია სახელმწიფო უწყებებში და დაწესებულებებში სამუშაო დღე უფრო ადრე დაიწყოს, თუნდაც დილის 06:00–07:00 საათზე, – ამის შესახებ „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა ღამის ეკონომიკასთან დაკავშირებით განაცხადა.  ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, „ღამის ეკონომიკა“ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებსა და ქალაქებში განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ხოლო დასავლეთ ევროპაში „ღამის ეკონომიკას“ „მეორე ცვლის ეკონომიკად“ მოიხსენიებენ. როსტომაშვილის შეფასებით, ღამის ეკონომიკის პროექტი უნდა დაიხვეწოს და ისეთი სტრუქტურა უნდა მიიღოს, როგორიც დასავლეთის განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებშია.

„მეორე ცვლის ეკონომიკა“ უპირველესად არის სამუშაო დროის სწორი მენეჯმენტი. განვითარებულ ქალაქებში ამ მიმართულებით დიდი გამოცდილებაა დაგროვილი, რაც უპირველესად გულისხმობს მეტი თავისუფალი დროის გამონახვას მოსახლეობისთვის. „მეორე ცვლის ეკონომიკაში“ ლომის წვლილი ადგილობრივ მოსახლეობას მიუძღვის, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ თბილისის მერიის ახლად შექმნილ სამსახურში“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

მისივე თქმით, „მეორე ცვლის ეკონომიკისთვის“ აუცილებელია სახელმწიფო უწყებებში და დაწესებულებებში სამუშაო დღე უფრო ადრე დაიწყოს, თუნდაც დილის 06:00–07:00 საათზე. ამ შემთხვევაში სამუშაო საათების გადაწევას ავტომატურად აყვება კერძო სექტორიც და ნაცვლად 18:00–19:00 საათისა, მოსახლეობის დასაქმებული ნაწილი სამუშაო დღეს 15:00–16:00 საათზე დაასრულებს.

„დღეს თუ ადამიანი სამსახურს 19:00 საათზე ამთავრებს, იმის გათვალისწინებით, რომ სახლში მისვლამდე კიდევ გარკვეულ დროს კარგავს, საოჯახო საქმეებიდან გამომდინარე, ვეღარ ახერხებს გარეთ გასვლას. ნებისმიერი ადამიანის თუნდაც 1 საათით გასვლა სასეირნოდ, ავტომატურად ნიშნავს გარკვეული ხარჯების გაწევას, თუნდაც 5–10 ლარის. წარმოვიდგინოთ, დღეში თითოეული თბილისელი თუ დამატებით 5 ლარს დახარჯავს, რამდენად გაიზრდება კაპიტალბრუნვა დედაქალაქში. ეს კი პირდაპირ ნიშნავს წვრილი და მცირე ბიზნესის, ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტების განვითარებას“, – განაცხადა „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელსძღვანელმა.

როსტომაშვილი „ღამის ეკონომიკის“ დადებით ეფექტებს შორის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად „მენაშენეთა ასოციაციაში“ სოციალურ საკითხს ასახელებს.

„მეორე ცვლის ეკონომიკა“ ნინავს, რომ სამუშაო დღე არსებულზე გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს და, შესაბამისად, დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში დასაქმებულ მოქალაქეებს უფრო მეტი დრო დარჩებათ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით შვილებთან კომუნიკაციისათვის. ეს აუცილებელი პირობაა ოჯახის ინსტიტუტის სიმტკიცის გასაძლიერებლად“, – აცხადებს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.
მისივე თქმით, „ღამის ეკონომიკა“ თავის თავში გულისხმობს ვაჭრობის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას დედაქალაქის საძილე რაიონებში. „ასეთ შემხვევაში აღარ მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი კონცენტრირება თბილისის ცენტრალურ უბნებში, ვინაიდან იგივე მომსახურებას თუ პროდუქტს, რასაც ხალხმრავალ ტურისტულ ზონებში დღეს იღებენ, საკუთარი სახლების სიახლოვესაც მიიღებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში დლასაქმებულთა დიდი წილი წვრილ კერძო ბიზნესზე მოდის, „ღამის ეკონომიკის“, იგივე „მეორე ცვლის ეკონომიკის“ გონივრული განვითარების შემთხვევაში, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორს კიდევ უფრო მეტი ობიექტი გაუჩნდება, მოთხოვნის ზრდის ხარჯზე“, – აცხადებს როსტომაშვილი.

ივნისში, კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის არსი კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, ღამის ეკონომიკა არ ნიშნავს მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას, ესაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.