ბაგა-ბაღების პერსონალის გადამზადება დაიწყო

1713

წინა სტატია

დღეიდან, 10 ივლისიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალის, კერძოდ მეთოდისტების გადამზადება დაიწყო. სწავლება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული “აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ მოდულის” მიხედვით მიმდინარეობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრენინგ-მოდულის სამიზნე ჯგუფები არიან პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღმზრდელ-პედაგოგის დადგენილ მოთხოვნებს, სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად; ასევე პირები, რომლებიც უკვე დასაქმებული არიან აღნიშნულ დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად ან მეთოდისტად. ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის ორი საათი.

ტრენინგების თემებს შორისაა: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნის მოქალაქეს, რას გულისხმობს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი და ბავშვის უფლებათა კონვენცია, როგორია ბავშვის განვითარების ძირითადი მახასიათებლები და ა.შ.

ტრენინგების დროს განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა „მრავალფეროვნების ხელშეწყობა“, „თანასწორობა“ „მიმღებლობა“ „განსხვავებულის პატივისცემა“. ტრენინგების შინაარსის თანახმად, აღმზრდელმა თვალყური უნდა მიადევნოს ყველაფერს, რასაც აკეთებს ან ამბობს ბავშვი და გააკეთოს შესაბამისი ობიექტური ჩანაწერები.

ბავშვის მიღწევების, უნარების, შესაძლებლობების და ინტერესების შესახებ ინფორმაცია ბავშვის პორტოფლიოში უნდა აისახოს. იგულისხმება ისეთი მასალები, როგორიცაა ბავშვის ნაწერის, ნაჯღაბნის ნიმუშები; ბავშვის მიერ შექმნილი ნამუშევარი ნებისმიერ მასალაში (ნახატი, ნაძერწი, აპლიკაცია, კოლაჟი და ა.შ.), სხვადასხვა საქმიანობის ან ბავშვის ნამუშევრის ამსახველი ფოტოები, აუდიო/ვიდეო ჩანაწერები. ტრენინგების ერთ-ერთი მიზანია, მონაწილეებს შეეძლოთ ბავშვზე ძალადობის ნიშნების ამოცნობა. მონაწილეები გაითამაშებენ მშობელთან შეხვედრას, რისი მიზანიცაა ბავშვზე ძალადობის უარყოფითი გავლენების ახსნა.

ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით, საიდანაც მის წარმატებით გასავლელად მონაწილემ უნდა დააგროვოს 60 ქულა, რის შემდეგაც გადაეცემა ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ტესტების შინაარსს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განსაზღვრავს. ტრენინგ-მოდულის გავლა, საართველოს მასშტაბით, 600-მდე აღმზრდელს მოუწევს.

ივნისის დასასრულს გაეროს ბავშვთა ფონდმა (Unicef) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ბაღებში პერსონალის დიდ ნაწილს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს.