რიყის პარკში ქუჩის მუსიკოსების კონცერტები სექტემბრამდე გაიმართება

959

რიყის პარკში ქუჩის მუსიკოსების კონცერტები სექტემბრამდე გაიმართება. ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ თქვა, რომელიც 8 ივლისს კონცერტს დაესწრო.

კონცერტი “ქუჩის მუსიკის ტალღის” ფარგლებში, ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტისა და ქუჩის მუსიკის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.

“მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ბევრ მუსიკოსს მიეცეს შესაძლებლობა, თავიანთი მუსიკა გააცნოს უფრო ფართო მასებს. ეს ადგილი საკმაოდ ხალხმრავალია და მუსიკოსების შემოქმედებას გაიცნობენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. გარდა ამისა, ეს პროექტი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოწესრიგებულად გააკეთო ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც არის არც ისე მაღალი სცენა. ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

რიყის პარკში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ჯგუფები Young Georgian Lolitaz, “მოკუ მოკუ”, თორნიკე ყიფიანი, ასევე იოანე არაბული ბენდ ულტრატონთან ერთად.

ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერია ქუჩის მუსიკოსებისთვის შეზღუდვების დაწესებას აპირებდა, თუმცა სერგი გვარჯალაძემ ეს ცნობა უარყო.